რუსთავის მერიაში „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

0
1760

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა, ბოლო დროს გაზით ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებზე იმსჯელეს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგნელებმა აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობა მოქალაქეებზეა. მათი თქმით ყველა ფაქტი რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა, არასწორად დამონტაჟებულმა მოწყობილობამ გამოიწვია. როგორც სოკარ გაზის მენეჯერმა განაცხადა, მათ აქვთ დოკუმენტაცია რომლის მიხედვითაც, მათ მიერ კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობების დალუქვა მოხდა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ამ მოწყობილობების გამოყენებაზე უარს არ ამბობენ. სწორედ ასეთ ვითარებაშია ის სავალალო შედეგები, რომელიც ფიქსირდება.

კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე იმ პრობლემაზე ისაუბრეს, რომელიც მოწყობილობების შემოწმების დროს ექმნებათ. „სოკარ ჯორჯია გაზის” მენეჯერის თქმით მოსახლეობა მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ხშირ შემთხვევაში, შესამოწმებლად მისულ ჯგუფებს სახლში არ უშვებენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას არსებულ პრობლემებზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს. ქალაქის მერის განცხადებით, არსებული სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა და საჭიროა დროულად შესაბამისი ზომების მიღება.  მერის ინიციატივით პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა.

როგორც შეხვედრისას გახდა ცნობილი, მოხდება სპეციალური ფლაერების დარიგება. გარდა ამისა, აქტიურად დაიწყება მუშაობა, CO დეტექტორების დაყენებაზე, რომელიც რეაგირებს ნებისმიერი სახის მომწამლავი აირის გაჟონვის შემთხვევაში.

„გამომდინარე იქიდან რომ თებერვლიდან მოყოლებული, ქალაქში გაზით ინტოქსიკაციის 119 შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 6 ლეტალურად დასრულდა, საჭიროა მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღება. ეს შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ გაზის კომპანიასთან. უკვე დავგეგმეთ პირველი ნაბიჯები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მე-19 მიკრორაიონში და შემოწმებაც სწორედ ამ უბნიდან დაიწყება. მოქალაქეებს მივმართოთ რომ აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენთან, რადგან თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები“ – განცხადა ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ.

დღევანდელ შეხვედრაზე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილიც იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, გუბერნატორის ადმინისტრაცია შესაბამის სამუშაოებში აქტიურ მიიღებს მონაწილეობას.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

NO COMMENTS