„მძღოლებს ერთი მგზავრისთვის გადაადგილება ეზარებათ და საკუთარი შეხედულებით ცვლიან მარშრუტს“

0
2588

რუსთაველებს განსაკუთრებულად აწუხებთ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა. ყველაზე მეტად ეს თვალშისაცემია ღამის საათებში, 8-9 საათის შემდეგ. ამ პერიოდში კონკრეტული ხაზის ავტობუსებს ან საერთოდ ვერ ნახავთ, ან – 40 და 50-წუთიანი ინტერვალით, რის გამოც ე.წ. მარშრუტკებით ან ტაქსით უხდებათ გადაადგილება.

რუსთავში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური შეადგენს 0,20 თეთრს. შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი კერძო მიკრო ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება კი 0,50 თეთრს. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო ტაქსოპარკების რაოდენობა, რამაც ხელი შეუწყო ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და მომხმარებლებისთვის  24–საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი, იაფი მომსახურების მიწოდებას. თუმცა ტაქსით გადაადგილების საშუალება რამდენად იაფთიც არ უნდა იყოს მოქალაქეების უმეტესობას არ აქვს.

ამ ეტაპისთვის, ქალაქში არსებულ 6 მარშრუტზე მოძრაობს 20 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი.  სამუშაო დღეებში ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით  17, ხოლო  დასვენების დღეებში – 12 ავტობუსი.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი ასე გამოიყურება:

  •  სამუშაო დღეებში – დილის  06:15სთ – დან საღამოს  20:10 სთ-მდე
  •  შაბათ  – კვირას   მარშრუტებს შორის 40 წუთიანი ინტერვალია, პირველი ავტობუსი გადის 06:15 საათზე, ბოლო ავტობუსი ავტოფარეხში ბრუნდება 20:10 საათზე.

მოქალაქეების უმეტესობა რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით გადაადგილდებიან, ამბობენ რომ ღამის საათებში ქალაქში გასვლა რთულია, რადგან ავტობუსები რვა საათის შემდეგ აღარ დადიან.  გამომდინარე აქედან წასვლა ფეხით ან ტაქსით უწევთ.  მათი თქმით საჭიროა ტრანსპორტმა უფრო გვიანობამდე იმოძრაოს. პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ აბიტურიენტებს, რომლებიც კერძო პედაგოგებიდან სახლში გვიან ბრუნდებიან. მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ მიკრო ავტობუსებით გადაადგილებისას ხშირია შემთხვევა როდესაც მძღოლი საკუთარი სურვილისამებრ გადაადგილდება და დანიშნულების ბოლომდე მისვლა ერთი მგზავრისთვის ეზარება.

ტელეგრაფი დაინტერესდა, ხდება თუ არა შიდა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მონიტორინგი. ჩვენ „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ ხელმძღვანელს დავუკავშირდით.

ფრიდონ დვალაძე, ამბობს რომ მიკროავტობუსების გადაადგილება მის კომპეტენციაში არ შედის, ავტობუსებთან დაკავშირებით კი მონიტორინგი სპეციალური ჯიპიეს სისტემის დამხარებით ყოველდღიურად ხორციელდება.

„ავტობუსებს შორის არის 20 წუთიანი ინტერვალი. პირველად გამოდის 17 ავტობუსი და თითო მარშუტზე, სამ-სამი ავტობუსია, გარდა ინტერნატების 7 ნომრისა. 7 ნომერზე არის 4 ავტობუსი, რომელიც 20 წუთის ინტერვალით მოძრაობს. დანარჩენი ავტობუსები მოძრაობენ 20 წუთის ინტერვალით და  მესამეს და პირველს შორის როცა არის დაშორება ამ შემთვევაში ინტერვალი 40 წუთი გამოდის.  რაც შეეხება დაგვიანებას, თუ ხაზზე არ გაფუჭდა ავტობუსი, მოძრაობენ თავის დროზე. ჩვენ გვაქვს ჯიპიესი და ვაწარმოებთ მონიტორინგს, ყოველდღე.“

სამსახურის ხელმძღვანელის თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, შესაძლოა დროის გაზრდა მოხდეს და ავტობუსებმა უფრო გვიანობამდე იმოძრაონ.

„ჩვენ გასული წლის მაისიდან ორი თვის განმავლობაში გვქონდა დრო გაზრდილი.  ფაქტიურად მგზავრთა რაოდენობა გვიან არ იყო. მიუხედავად ამისა შესაძლებელია მოხდეს დროის გაზრდა. იმიტომ რომ მოთხოვნა არის ამასთან დაკავშირებით. ასევე გადაადგილების ინტერვალთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში რაც ჩვენ რესურსი გვაქვს მაქსიმალურად ვიყენებთ. ახალ ავტობუსებზეა საუბარი, თუ შემოვიდა ახალი ავტობუსები შესაბამისად მოხდება ინტერვალის შემცირება და მოხდება სამუშაო დროის გაზრდაც.“

რაც შეეხება მიკროავტობუსების გადაადგილებას, ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. როგორც დაჩი გიორგაძე ამბობს, 22 ნომერი მიკროავტობუსი  ღამის 12 საათამდე დადის, დანარჩენი ნომრები კი მგზავრთა რაოდენობის შესაბამისად მოძრაობენ და კონკრეტული გრაფიკი არ აქვთ. იმ შემთხვევაში თუ  მგზავრების რაოდენობა გვიან საათებში იქნება მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში დადიან. რაც შეეხება მონიტორინგს,  მისი თქმით მძღოლების შემოწმება ყოველდღიურად ხდება. დარღვევების გამოვლენის შემთვევაში კი შესაბამისი ქმედება ხორციელდება.

რუსთავში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებზე  მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები ვრცელდება. კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უფასო პოლისები, რომლითაც სარგებლობენ ვეტერანები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ასევე საჯარო სკოლების, მუნიციპალური თეატრის, სამუსიკო სკოლების, ისტორიული მუზეუმის, სამხატვრო სკოლების, კულტურის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის, შშმ პირთა (სტატუსი უსინათლო),  საბიბლიოთეკო გაერთიანებების, ბაგა–ბაღების გაერთიანებებისა და ფილიალებისა და სასპორტო სკოლის თანამშრომლები. თუმცა შეღავათიანი მგზავრობის ნაცვლად, როგორც სხვა დანარჩენ მოქალაქეებს ღამის საათებში გაცილებით ძვირად უწევთ მგზავრობა.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში

[yop_poll id=”7″]

NO COMMENTS