რა მოხდა ბათუმში – მოვლენათა ქრონოლოგია

0
1639

საპროტესტო ტალღა 11 მარტს, ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში – „ბათუმი-პლაზას“ წინ სპონტანური აქცით დაიწყო. სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას მოთხოვდნენ. აქციაზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „წიხლებში გაიგდო“ ბათუმელი მოქალაქე.

„მამა-შვილი იყვნენ. ბიჭმა აფთიაქთან გააჩერა მანქანა. როცა დააჯარიმებას აპირებდნენ, თხოვა ნუ დამაჯარიმებთო, მაგრამ მაინც დააჯარიმეს. ბიჭმა შეიგინა. პატრულის თანამშრომლებმა შვილი წიხლებით სცემეს ჩვენს თვალწინ, მერე კი ასევე წიხლების ჩარტყმით ჩატენეს საპატრულოს მანქანაში და წაიყვანეს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა, რომლებიც იქვე ვაჭრობდნენ.

„პლაზასთან“ აქციას შეურთდნენ მოქალაქეებიც,  რომელთა პროტესტი, მათივე თქმით, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პოლიციამ მამაკაცს ცუდად მყოფი მამის წინ სცემა.

მოგვიანებით პროტესტი ორ ლოკაციაზე გაგრძელდა „პლაზასთან” და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის შენობასთან.

პოლიციამ აქციის მონაწილე 6 პირი დააკავა.

პროცესში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩაერთო, რომელიც აქციაზე დაკავებულებს შეხვდა. ციალა ქათამაძის თქმით, დაკავებულები აცხადებენ, რომ პოლიციას მათ მიმართ ძალა არ გამოუყენებია.

აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, 00:43 საათისთვის, 6 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაშავებულთაგან 2 პოლიციელია, 3 კი აქციის მონაწილე.

ბათუმში თბილისიდან გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სტამბულიდან დაბრუნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძე, რომელმაც განაცხადა რომ დაკავებულები 1 საათში განთავისუფლდებოდნენ.

პოლიციამ აქციის ცრემლსადენი გაზით დაშლა რამდნჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ქუჩაზე მაინც იკრიბებოდნენ.

პარალელურად ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიებით, პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა უკიდურეს ზომებს მიმართეს და ქალაქის ქუჩებში პროტესტი ინფრასტრუქტურისა და ავტომობილების დაზიანებით განაგრძეს.

პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია დაშავებულთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ. დაშავებულთა შორის არიან, როგორც მოქალაქეები ასევე პოლიციელებიც.

მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება. მარგველაშვილი საზოგადოებასაც მოუწოდებს პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს:

” გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ. “

მოვლენებს გამოეხმაურა ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

NO COMMENTS