პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა

0
1436

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დასრულდა რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა – 8500-ზე მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროფესიულ განათლებაში დაწყებული რეფორმის პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელიც და ზოგიერთი სასწავლებლის თუ პროგრამის დასაქმების მაჩვენებელი 95%-საც აღწევს.

„ამ მიმართულების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიული განათლების მიღებას. როგორც წესი, შემოდგომაზე სამჯერ მეტი ადამიანი რეგისტრირდება პროფესიულ სასწავლებლებში, ვიდრე გაზაფხულის ნაკადზე. დასაქმების მაჩვენებელიც პროფესიულ სასწავლებლებში უკვე ძალიან მაღალია, არის ბევრი სასწავლებელი, სადაც 95%-ზე მაღალია დასაქმების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, პროფესიული სწავლების წახალისება არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ. მოხარული ვარ, რომ ეს მიმართულება გააქტიურდა, დუალური განათლების მექანიზმები ჩაირთო და დამსაქმებლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ პროფესიული განათლების პროგრამებში,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დუბაიში, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დღეს პირველად წარადგენს პროექტს – „ისწავლე საქართველოში”.

„განათლების მინისტრი გახლავთ იქ და წარადგენს პროგრამას. ამ ახალ მიმართულებას ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვინაიდან საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, რათა მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები. დუბაიში დღეს წარდგება საქართველო თავისი შესაძლებლობებით და ამ სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუტები მოუსმენენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, რომელსაც საქართველო შესთავაზებს რეგიონის მომავალ, პერსპექტიულ სტუდენტებს”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე შეაფასა განახლებული მარტის არდადეგების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მცირე სკოლების 600-მდე მოსწავლემ განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ეკონომიკისა და სპორტის სამინისტროების ხელშეწყობით, არდადეგები ბაკურიანში გაატარა.

„ჩვენ წელს გავიხსენეთ მივიწყებული სიკეთე გაზაფხულის არდადეგების სახით. რაოდენ სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტროს თაოსნობით და სპორტისა და ეკონომიკის სამინისტროების თანამონაწილეობით, 600-მდე მოსწავლემ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ სოფლის მცირე სკოლებს, სადაც 30-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს, წელს არდადეგები გაატარა ბაკურიანში. უმეტესად ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ვერ მიემგზავრებიან ზამთრის კურორტებზე. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გავაქტიურდებით, რომ ის ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ზამთრის კურორტებზე, ხელმისაწვდომი იყოს უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბავშვებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ახალგაზრდობაში, ბავშვებში ზამთრის კურორტებით მოსარგებლეთა წილობრივი მაჩვენებელი გაიზარდოს იმისათვის, რომ, პირველ რიგში, გავაჯანმრთელოდ ჩვენი მომავალი თაობა და, რა თქმა უნდა, ისინი გაიზრდებიან მომავალ მომხმარებლებად იმ სიკეთის, რასაც ზამთრის ტურიზმი ჰქვია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

NO COMMENTS