“ყაზტრანსგაზი” საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

0
2317

“ყაზტრანსგაზმა” საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. როგორც ყაზახური მედია წერს, კომპანიამ ვერ შეძლო საქართველოში შვილობილის გაყიდვა და ახლა მის დასბრუნებლად იბრძვის. როგორც “ყაზმუნაი გაზის” ხელმძღვანელმა საუატ მინბაევმა გამოცემა abctv.kz-ს განუცხადა, “ყაზტრანსგაზმა” საარბიტრაჟო სასამართლოში “ყაზტრანსგაზ თბილისის” დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა.

“პროცესი დაწყებულია და ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. შეიძლება, მოვილაპარაკოთ, შეიძლება გავარძგელოთ პროცესი. ამის პროგნოზირება ჩემთვის შეუძლებელია”,- განაცხადა “ყაზმუნაი გაზის” ხელმძღვანელმა.

Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.

როგორც ყაზახური მედია წერს, 2016 წლის მარტში “ყაზტრანსგაზმა” მიიღო წინადადება “ყაზტრანსგაზ თბილისის” გაყიდვასთან დაკავშირებით ქართველი ინვესტორისგან, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ საარბიტრაჟო შეტყობინება უკვე მიიღო და ამჯერად უწყება შესწავლის ეტაპზე იმყოფება. მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა “საქმის კურსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს.

„შეტყობინება მოგვივიდა და შესწავლის ეტაპზე ვართ. ჩვენ მუდმივად ვესაუბრებოდით ყაზახურ მხარეს ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებაზე, ეს იყო ჩვენი სურვილიც და მზაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიიღეს” – ამბობს ვალიშვილი.

2006 წელს “ყაზტრანსგაზმა” თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი” 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა. 2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს” 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” სპეციალური მმართველი დანიშნა. ყაზახური მხარე წლებია კომპანიის მენეჯმენტში დაბრუნებას ცდილობს. 2015 წლის ოქტომბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისს” შესაძლოა, მფლობელი შეცვალოდა. მაშინ ახალ მფლობელად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სახელდებოდა. გარცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა მაშინ “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დააასტურეს.

წყარო: commersant.ge

NO COMMENTS