როგორ აფასებენ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებას

0
1831

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო მოსმენა გაიმართა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში რუსთავის მერიის საფინანსო-სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, რუსთავის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 95 პროცენტით შესრულდა.

მოსმენას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე, ესწრებოდნენ. „ტელეგრაფი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ მაჟორიტარი დეპუტატები 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებას. 29-ე ოლქის მაჟორიტარი პაატა მხეიძე ამბობს რომ თანხების ათვისება უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო.

„მქონდა რამდენიმე შენიშვნა, ბიუჯეტის ხარჯებთან და შემოსავლების ნაწილთან დაკავშირებით, დაახლოებით 5 მილიონი, ბიუჯეტის კუთვნილი თანხა ვერ გაიხარჯა, რაზეც უკმაყოფილება გამოვთქვი. ბევრი რამე აკლია ქალაქს, იგივე ბაღები, კინოთეატრი, მწერლების სახლი, უპოვართათვის საცხოვრისები, ამის გათვალისწინებით მგონია რომ არ გვაქვს ფუფუნება იმის რომ ბიუჯეტის გამოყოფილი 5 მილიონი ვერ ავითვისოთ. გარკვეულწილად დააკლდა ასევე შემოსავლების ამოღების პროცედურებს, რაზეც მივანიშნეთ რომ ეს საკითხები უნდა გადაიხადოს, გაძლიერდეს ადმინისტრირება, რომ შემდგომში ბიუჯეტის გამოყოფილი თანხა სწორად ავითვისოთ, ყოველთვის იქნება რაღაც გარღვევა მაგრამ მოცულობა უნდა იყოს მიზერული და არა ასეთი შთამბეჭდავი. ასევე ბევრ სხვა საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება. ვფიქრობ რომ კონსტრუქციული იყო ეს ჩვენი შეხვედრა, ამ ფორმატში ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან ნაყოფიერ საქმიანობას“ – ამბობს პაატა მხეიძე.

30-ე ოლქის მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე კი მიიჩნევს რომ ანგარიშის პრეზენტაციების ნაწილში უფრო დეტალური, უფრო არგუმენტირებული, კრიტიკული მიდგომები არსებობდეს.

„პრეზენტაცია იყო 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, ვესწრებოდი მოწვეული სტუმრის სტატუსით. ვისურვებდი, სოციალურ, განათლების, სპორტის და კულტურის მიმართულებასთან ერთად უფრო მეტად ორიენტირებული იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ხოლო ეფექტური(პრიორიტეტების, დროის და ხარისხის თვალსაზრისით) იყოს შესრულების ნაწილში. ასევე მნიშვნელოვანია დოკუმენტის ანგარიშის პრეზენტაციების ნაწილში უფრო დეტალური, უფრო არგუმენტირებული, კრიტიკული მიდგომები“ – აცხადებს გიორგი ბეგაძე

სხდომა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საფინანსო-სამსახურის უფროსის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, განხორციელებულ სამუშაოებსა და საქმიანობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის მონაწილეებმა ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს.

NO COMMENTS