რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება

0
1661

რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს. სიმპოზიუმის ორგანიზების მომსახურების ტენდერი, რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრმა 20 აპრილს გამოაცხადა, რომელიც 11 მაისს უშედეგოდ დასრულდა და ჩაშლილად გამოცხადდა. მასში მონაწილეობა არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო.

ხელახალი ტენდერი მომსახურეობის შესყიდვაზე, სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრა 16 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1 ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება.

სატენდერო ღირებულება 162 000 ლარია დღგ-ს გათვალისწინებით. საკმაოდ ვრცელი და დეტალურად გაწერილია ტექნიკური დოკუმენტაცია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან, როგორც სრული ტექნიკური აღჭურვილობითა და მასალებით, ასევე საცხოვრებელი პირობებითა და კვებით. გაიმართება სიმპოზიუმის გახსნის, დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიები.

აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს რომელიც სიმპოზიუმის ორგანიზებას გადაწყვეტს 2015-2016 წლების განმავლობაში უნდა გააჩნდეს კულტურული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზების არანაკლებ 250 000.00 (ორასორმოცდაათიათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობის გამოცდილება.

30 დღიანი მასშტაბური სიმპოზიუმის ზუსტი თარიღი უცნობია, ის სავარაუდოდ 2017 წლის 7 ივლისიდან 2017 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სიმპოზიუმის დაწყების ზუსტი თარიღი დაზუსტდება გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას.

აღსანიშნავია, რომ მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში გასულ წელსაც გაიმართა, თუმცა წლევანდელი ღონისძიების მასშტაბები გაიზარდა და მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა, მასში 8 ქართველ მოქანდაკესთან ერთად მონაწილეობას სამი უცხოელი მოქანდაკე მიიღებს.

სიმპოზიუმში მონაწილე მოქანდაკეთა შერჩევა რუსთავის მერიაში ნამუშევრების მიხედვით 2017 წლის აპრილის დასაწყისში გაიმართა.

 

 

 

NO COMMENTS