პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სპეციალური განცხადება

0
1947

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება გადაცემა „ბავშვების დრო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მშობლის თანხმობით გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ბავშვს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. დაუშვებელია არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, თუ კი ეს  ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და  ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, ინსპექტორი მოუწოდებს გადაცემას – „ბავშვების დრო“ დაიცვას ბავშვის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს მისი ინტერესების სათანადო დაცვა.

ანონსი გადაცემის შესახებ სოციალური ქსელით გავრცელდა, რასაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა

რამდენიმე წუთის წინ „ბავშვების დრომ” გადაცემა სოციალური ქსელით გაავრცელა, რომელსაც განცხადება ახლავს თან:

„გუშინ, ჩვენი გადაცემის გვერდზე გავრცელდა ფოტო – ანონსი, სადაც მივუთითეთ,რომ გადაცემაში ისაუბრებდა დედა – შვილზე, რომელიც მისი ვარაუდით ონანიზმით არის დაკავებული. დედამ მისივე სურვილით გადმოგვცა ვიდეო მასალა და დაგვთანხმდა,რომ გადაცემაში გამოგვეყენებინა. ფოტოს გავრცელებას, ძალიან დიდი და ამასთანავე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. ჩვენ გვესმის, რომ მსგავს თემებზე საუბარიც კი, ჯერ კიდევ უარყოფითად აღიქმება. ჩვენმა მაყურებელმა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ გავრცელდებოდა ბავშვის ინტიმური დეტალები, რაც არღვევს ბავშვის უფლებებს. ბუნებრივია, ეს ჩვენი სურვილი არ ყოფილა და არც დედის გადაღებულ ვიდეომასალაში ყოფილა მსგავი რამ. ეს არის გადაცემა, რომელიც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს,ბავშვებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, დედებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ დაელოდა გადაცემის გასვლას და მხოლოდ ფოტოს საფუძველზე მოახდინა რეაგირება. ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო.” – ნათქვამია განცხადებაში. 

NO COMMENTS