ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

0
1584

საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივ შენობებში შემღწევი ხმაურის გამომწვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები იქნება გამოყენებული.
✪ ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
✪ პარლამენტის წევრებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ოდიშარიამ იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რამაც აღნიშნული ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია.
✪ კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, კანონმდებლობით დღემდე არ არსებობდა რაიმე სახის პასუხისმგებლობა დღის და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის.
✪ კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ევროკავშირის 2002/49/EC დირექტივა, „გარემოში ხმაურის შეფასებისა და შესაბამისი მენეჯმენტის შესახებ“, რომელიც მიუთითებს სახელმწიფოთა ვალდებულებას, ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებისა და ამ უფლების იმპლემენტაციისთვის შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ.
✪ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლითაც დღის და ღამის საათებში (დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე)) საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

NO COMMENTS