“რაც ამ ეტაპზე ირკვევა, ფაქტი ალბათ დანაშაულად უნდა დაკვალიფიცირდეს”- თეა წულუკიანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე

0
1624

იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელის ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმის შესახებ საზ. მაუწყებლის გადაცემა “მთავარში” სტუმრობისას ისაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, ჟურნალისტის გატაცების ფაქტი, რაც მედიით ვრცელდება არის აღმაშფოთებელი, ხოლო სამართლის ენაზე არის დანაშაული. წულუკიანის თქმით, საგამოძიებო პროცესი შესაძლოა გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

“ეს ამბავი, მეც და კაბინეტის წევრებმაც შევიტყვეთ გუშინ, დღის მეორე ნახევარში, იმისდა მიხედვით, რაც ქვეყნდებოდა მედიაში. ფაქტი არის ძალიან უსიამოვნო სალაპარაკო ენაზე და სამართლის ენაზე, რაც ამ ეტაპზე ირკვევა, ალბათ, უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულად.

მოვისმენე სხვადასხვა, ჩემთვის შემაშფოთებელი ბრალდებები ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურებისადმი, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ, ფეისბუქზე გაკეთებული ჩემთვის საოცარი და განმაცვიფრებელი განცხადება.

აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს ჩვენი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენლის მონაწილეობა ამ საქმეში. მრცხვენია კიდეც ამას ასე რომ ვამბობ, იმდენად ბუნებრივი მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის სახალხო დამცველმა იცოდნენ, რომ სუსი იქნება ეს თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ყოველგვარი გამოძიების გარეშე ხელს ადებდნენ, თითქოს ამ ორი სტრუქტურის ბრალი შეიძლება იყოს, ამგვარი განცხადებები ანგრევს ჩვენ სტრუქტურებს და მინდა კიდევ ერთხელ დავუდასტურო მხარდაჭერა ყველა იმ სამართალდამცველს, ვინც კანონის დაცვას ემსახურება.

ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა გაართულებს გამოძიებას, რომ გავარკვიოთ, თუ რა მოხდა, რადგან ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამომძიებელს შეიძლება დასჭირდეს ბატონმა აფგანმა იცის, ანუ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებმაც როგორც ადვოკატი ამბობს ჩასვეს მანქანაში, ცემეს კიდეც და აშ.

რა თქმა უნდა, სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა იქნება გაგზავნილი, რომ ან ჩვენი გამომძიებლის მეშვეობით დაიკითხოს ეს ადამიანი ან თავად დაკითხონ, მაგრამ რას გვიპასუხებენ ჩვენი მეგობარი სტრუქტურები აზერბაიჯანიდან ეს წინასწარ არ ვიცით, რადგან იქაც მიდის გამოძიება სხვადასხვა მუხლით, როგორც აღმოჩნდა.

კომპლექსური, რთული პროცესი გველის წინ, მთავარია რომ გამოძიება დაწყებულია”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საზ. მაუწყებლის გადაცემა “მთავარში” სტუმრობისას.

NO COMMENTS