უკანგორის “ორკარა საყდრის” რეაბილიტაცია

0
1521

დმანისის მუნიციპალიტეტში,სოფელ უკანგორში ე.წ. “ორკარა საყდარი” დგას,იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა და სამხრეთის თანადროული ეკვდერით ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ტაძარს აქვს ორი შესასვლელი – სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ეკლესიის სიძველეზე მიგვანიშნებს: სქელი კედლები, ეკვდერისა და საკურთხევლის პარალელურობა. ძეგლის ირგვლივ სასაფლაოა. არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1936-37 წ.წ. აქ ნაპოვნი იყო ორი კუბის ფორმის წარწერიანი კვარცხლბეკი, სადაც მოხსენიებულია სპარსული სახელი “თათვარაზ” და “პეტრე ხუცესი”. წარწერების სიძველიდან გამომდინარე სოფ. უკანგორის “ორკარა საყდარს” ერთერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიებს შორის. წარწერა- “მე, თათვარაზ აღვმართე ესე ჯვარი, სახელითა ღმრთისაითა, შეწევნითა იესო ქრისტესითა. და რომელმან თაყვანისცეთ, ლოცუასა მომიხსენეთ”. მიუხედავად ტაძრის ისტორიული მნიშვნელობისა იგი ძლიერ იყო დაზიანებული და თითქმის მთლიანად ჰქონდა დაკარგული პირვანდელი სახე .

2016 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად “ორკარა საყდრის” გადარჩენისა და რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც ტაძარი მთლიანად გაიწმინდა მცენარეული საფარისაგან და გამოფიტული კირ-დუღაბისგან, მთლიანად აღდგა საფასადე წყობა გათლილი ტუფის ქვით,ფლეთილი ტუფის ქვით შეივსო დაზიანებული კამარა, სახურავის ქანობის შესაქმნელად მოეწყო პემზა-კირხსნარის ფენა, სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით, იატაკი მოეწყო ფლეთილი ტუფის ქვით, ჩამოიკიდა ორი ხის კარი.

NO COMMENTS