DCFTA.GOV.GE იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართველი მეწარმეებისთვის

0
1466

ვებგვერდი DCFTA.GOV.GE  იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რათა მათ გამოიყენონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ახლად შექმნილი ინტერაქტიული ვებპორტალი, რომელზეც ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად იქნება განთავსებული ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA​) დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ძალიან კარგი პლატფორმა იქნება.

მთავრობის მეთაურმა პროექტზე მუშაობისთვის, მის შექმნასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე – ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას  – GIZ​-ს.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზის ევროპის ბაზარზე დაშვების საკითხს.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უფრო და უფრო მეტი სახეობის ქართული თევზის დაშვება ხდება ევროპის ბაზარზე, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ძალიან ზრდის.

NO COMMENTS