რუსთველი ფეხბურთელები ,,ფოლადის“ სტადიონით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ

0
1824

მეტალურგიულმა ქარხანამ საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის რუსთავს“ მის მფლობელობაში არსებული ,,ფოლადის“ სტადიონზე ვარჯიში აუკრძალა. ოფიციალური წერლი მეტალურგიული ქარხნიდან კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ჩაიბარა.

,,საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. მას შემდეგ შ.პ.ს ,,რუსთავი რუსთავი“ აგრძელებს სტადიონით სარგებლობას. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არაერთხელ შემოგთავაზეთ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ გვიფორმებთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენს წარმომადგენლებს 10 ივლისიდან სტადიონზე აღარ დავუშვებთ,“- ნათქვამია მეტალურგიული ქარხნის ოფიციალურ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში ოფიციალურად გავრცელდა განცხადება, რომ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ რუსთავის თვითმმართველობას სტადიონის საიჯარო თანხა 5 500 ლარიდან, 22 500 ლარამდე გაუზარდა. იჯარის მომატებასთან ერთად კი ქალაქის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა სტადიონის შეძენის თაობაზე. ქალაქის მერი დავით ჯიქია აცხადებდა, რომ რუსთავის ფოლადის სტადიონის ქალაქის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაწყებული იყო.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, პოზიცია არ დაუფიქსირებია რუსთავის თვითმართველობას, შესაბამისად უცნობია რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით.

NO COMMENTS