ვანო ზოდელავა ავტოავარიაში მოყვა

0
2076

თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა ავტოავარიაში მოყვა. ამის შესახებ მისი მეგობარი ზაზა შენგელია ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.

“დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა – გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ“, – წერს ზაზა შენგელია.

გავრცელებული ინფორმაციით ვანო ზოდელავამ ავრიისას თავის ტრავმა მიიღო. მას ოპერაცია, თბილისში, “ნიუ ჰოსპიტალში” გაუკეთეს.

ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – „ოპელის“, „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთანაგ ერთერთი გახლავთ ვანო ზოდელავა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო დახმარების და სახანძრო ეკიპაჟები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

NO COMMENTS