რუსთავში პოლიციის შენობასთან აქცია გაიმართა

0
1449

,,არა სუსტზე ძალადობას – დაისაჯოს მკვლელი!“ – სახელწოდებით ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობით, რუსთავში, პოლიციის შენობასთან, მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მეგობრობის გამზირზე, 31 ივლისს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის მიერ ძაღლის სასტიკად მოკვლის ფაქტს აპროტესტებენ და სამართალდამცველებისგან დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.
„ჩვენ ვაპროტესტებთ მომხდარ ფაქტს. ჩვენი თხოვნაა პოლიციისა და გამომძიებლების მიმართ, რომ ეს საქმე კარგად გამოიძიონ, რადგან ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დროს ადგილზე იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები და თუ მათი ყოფნა იქ დასტურდება, მაშინ ეს უკვე არის სსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილი დანაშაული. ჩვენი აქცია არის მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ბედავს და მომხდარ ფაქტებს უყურადღებოდ არ ტოვებს, ტელეფონს იღებს ხელში და ურეკავს პოლიციას. მინდა საზოგადოებამ და ქალაქმა, ყველამ იცოდეს, რომ ცხოველთა დამცველები ერთეულები არ არიან“, – განაცხადა ორგანიზაცია ,,ცხოველთა მეგობრების“ ხელმძღვანელმა ირინა ლიკლიკაძემ.
შეგახსენებთ, 31 ივლისს, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად სცემა, შედეგად ცხოველი მოკვდა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები თვითმხილველებმა სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს და პოლიციას შეატყობინეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის  259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დადგენილია. ის სამართალდამცავებმა იმავე ღამეს გამოკითხეს.

NO COMMENTS