​რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას

0
1699

რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. რუსთავის მერმა  დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში პაატა მხეიძემ, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა და სხვა ოფიციალურმა  პირებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი   გვირგვინებით შეამკეს. მოგვიანებით, ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა  2008 წლის აგვისტოს ომში და 2004 წელს, რუსეთ-საქართველოს  კონფლიქტის დროს, სამაჩაბლოში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად, მათი საფლავებიც მოინახულეს და გვირგინებით შეამკეს.

,, რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი შესრულდა დღეს. ამ ომში ოთხი რუსთაველი ახალგაზრდა გმირულად დაიღუპა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი სახელები დავიწყებას არ მივცეთ და შემოვუნახოთ მომავალ თაობებს. ისინი გმირები იყვნენ და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე“, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რუსთავის მერი და ქვემო ქართლის გუბერნატორი  დღესვე  თბილისში, ვარკეთილის დასახელბაში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელობის მემორიალის გაიხსნას დაესწრებიან.

ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში, აგვისტოს ომის რუსთაველი გმირის ვახტანგ გზირიშვილის დედის – მარინა გზირიშვილის ძალისხმევითა და  შემოწირულობებით, რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ოთხი  რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე  დაიღუპა.  ვახტან გზირიშვილი, ლევან იოსებიძე,  გიორგი ჯავახიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში,  კახაბერ თავგორაშვილი კი გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდნენ. ოთხივე  მათგანი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დაჯილდოვდა.

NO COMMENTS