დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

0
1543

როგორც კი ინათებს, სახანძრო და საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაბა წაღვერში განაცხადა, სადაც საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად არსებული ვითარება მთლიანად კონტროლს ექვემდებარება და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„რამდენიმე კრიტიკული ფრონტია გამოყოფილი. მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული. დილის 00:06 საათამდე იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება, გზები იქნება ორგანიზებული. ცოცხალი ძალის მობილიზებაც გაკეთებული გვაქვს. როგორც კი ინათებს, როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას. სამი კრიტიკული ზონაა – ახალი გაშენებული ტყის ზონა თორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, წაღვერთან მიმდებარე სერი, სადაც ლოკალიზება უნდა გავაკეთოთ, რათა არ გავრცელდეს ცეცხლი და ეს არის სოფელი დაბა, სადაც ნაკლები საშიშროებაა დინამიკიდან გამომდინარე.

სამივე ამ ფრონტზე ცოცხალი ძალა არის ორგანიზებული, ტექნიკაა მობილიზებული, უკვე ადგილზეა ის ბულდოზერები, რომლებიც გაიყვანენ გზებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბაკურიანში დამსვენებლებს არაფერი ემუქრებათ.

„მოვუწოდებ დამსვენებლებს არ ინერვიულონ. ასევე, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ მომენტში მთლიანად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ვემზადებით დილისთვის, ვიმუშავებთ ტექნიკის საშუალებით და ყველა შესაძლო საშუალებებით ერთდროულად შევუტევთ ამ სამივე ფრონტს“, – აღნიშნა პრემიერმა.

NO COMMENTS