ძალაში შევიდა აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება

0
1692

საარჩევნო კამპანიის დაწყების გამო, დღეიდან ძალაში შევიდა აკრძალვები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოქმედებს.

“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. მათ შორის, იკრძალება: – სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.

“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება და შესაბამისად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.

NO COMMENTS