დმანისის მოქმედმა გამგებელმა შესაძლოა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა

0
2279

არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და საინიციატივო ჯგუფებს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადის წარდგენის ვადა 25 აგვისტოს ამოეწურათ.

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 განაცხადი შევიდა, აქედან 11 მაჟორიტარობის კანდიდატის წარმდგენი, ხოლო ერთი მუნიციპალიტეტის მერის არის.

როგორც „ტელეგრაფისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა რეგისტრაცია მოქმედი გამგებლის, გოგი ბარბაქაძის წარსადგენად ითხოვა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის პოსტზე.

„ტელეგრაფი” გოგი ბარბაქაძეს ესაუბრა.

– ბატონი გოგი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენი კანდიდატის წარდგენას აპირებს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც უკვე განცხადებით მიმართა საოლქო კომისიას?

– არ ვიც,ი საინიციატივო ჯგუფს უნდა ვკითხოთ, აპირებდნენ და რას აპირებენ ამ წუთას არ ვიცი.

– თქვენ არ ხართ საქმის კურსში, არ ხართ ჩარეული?

– ინფორმაცია არა მაქვს. გადაწყვეტილი ჯერ-ჯერობით არ არის.

– სურვილი გაქვთ?

– მერობის?

– დიახ

– გუნდთან ერთად შევათანხმებ და თუ მოისურვებს ჩემი გუნდი რომ მე გავხდე მერი, აუცილებლად ვიყრი კენჭს.

– საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე თავისი სურვილით მოქმედებს?

– კი ბატონო

– ვინ არიან ინიციატორები?

– ბევრნი არიან, მაგრამ რამოდენიმე კაცი არის გამოკვეთილი.

– ანუ ესენი არიან თქვენი გუნდის წევრები, მეგობრები?

– კი ბატონო, „ქართული ოცნების” წევრები კიდევ…

– თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ” სხვა კანდიდატზე შეაჩერა არჩევანი, ხომ არ გამოიწვევს ეს გუნდში უკმაყოფილებას?

– არ ვიცი, არამგონია არც ეგ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ზუსტად ვერ გეტყვით, ვერც მაგასთან დაკავშირებით ვერაფერს.

გოგი ბარბაქაძე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა და ამ დრომდე როგორც თავად აცხადებს მმართველი პარტიის მხარდამჭერია. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით „ქართულმა ოცნებამ” არჩევანი 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისის მუნიციპალიტეტში მერობის განდიდატად გიორგი ტატუაშვილი შეარჩია.

თუმცა, ჯერ-ჯერობით პარტიის ოფიციალური გადაწყვეტილება ცნობილი არ არის, გავრცელებული ინფორმაციით მმართველი გუნდი ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარდგენას მომდევნო კვირის ბოლოს გეგმავს.

 

NO COMMENTS