დაკავებული საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ ჩვენება საკუთარმა შვილმაც მისცა

0
1991

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობის გაირკვა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მისმა შვილმაც მისცა. პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის მასალების თანახმად, ზურაბ ნეფარიძის შვილი მამის დანაშაულში მონაწილეობდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძეს ქრთამის აღებაში საკუთარი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს. დალი მამულაშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავა ანტიკორუფციულმა სააგენტომ დეპუტატი. სისხლის სამართლის საქმეში დალი მამულაშვილი დაზარალებულის სტატუსით არის დაკითხული. ის ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ბიუროს თანამშრომელია.

მამულაშვილი ამბობს, რომ ხელფასიდან 400 ლარს ნეფარიძე სძალავდა. მისი განცხადებით, ბოლო სამ თვეში 400-400 ლარი გამოსძალა რაც ჯამში 1200 ლარს შეადგენს. სწორედ 1200 ლარის ქრთამის აღებაში ედავება ანტიკორუფციული სააგენტო ნეფარიძეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის განცხადებით, მაჟორიტარის ოფისისთვის თბილისის საკრებულოს ხელფასებისთვის და ოფისის ქირისთვის თვეში 5000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ეს არასაკმარისი იყო. ამასთან ზურაბ ნეფარიძე წლების განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს საკუთარი თანხებით იხდიდა. ბოლო პერიოდში კი კომუნალურებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის თანხებს თანამშრომლებიც დებდნენ.

საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს ბრალი ქრთამის აღებისთვის ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, სულხან კაპანაძის განცხადებით, ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატი დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა. ის 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატია “ეროვნული ფორუმიდან”. წარსულში ნეფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

NO COMMENTS