მიხეილ გიორგაძემ ფიტარეთის თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

0
1502

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ფიტარეთში სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მზად იქნება დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ.

გიორგაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფიტარეთში გალავანი დაზიანებულია.

“ფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია. ოქროს მოპოვება თუ დაიწყება, დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად იქნება სრულყოფილი დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ, რომელსაც დაეთანხმება სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მანამდე სამუშაოებზე რაიმე საუბარი არც შეიძლება იყოს”, – განაცხადა გიორგაძემ.

საყდრისის კომიტეტის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უნიკალური ძეგლი – ფიტარეთის მონასტერი RMG Gold-ის მიერ დაზიანებულია. როგორც პრესკონფერენციაზე საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, 10 დღის უკან, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე გამოჩნდა RMG Gold-ის მუხლუხოიანი ტრაქტორი, გარკვეული სამუშაოები განახორციელა, მძიმე ტექნიკის სამუშაოებმა ვიბრაცია გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა მონასტრის მარჯვენა გალავანი.

საყდრისის დაცვის კომიტეტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მიმართავს, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოების კანონიერებით დაინტერესდეს.

„რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებასთან, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვითხოვთ მკაცრ რეაგირებას კულტურის მინისტრისგან. გვაინტერესებს, რა უნდა დაემართოს ფიტარეთის მონასტერს, რომ მიხეილ გიორგაძემ ხმა ამოიღოს ძეგლის დასაცავად. ჩვენ ვგეგმავთ, საპროტესტო აქციის ჩატარებას კულტურის სამინისტროსთან და იმედი გვაქვს, ჩვენს მოთხოვნებს გიორგაძის გადადგომის მოთხოვნაც არ დაემატება”, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

კომიტეტის განცხადებას კომპანია RMG-იმ უპასუხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ საყდრისის კომიტეტის განცხადება რეალობას არ შეესაბამება.

NO COMMENTS