ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

0
2108

1 სექტემბრიდან რამდენიმე ცვლილება შედის ძალაში. გთავაზობთ სექტემბრიდან დაგეგმილი რეგულაციების ჩამონათვალს:
1 სექტემბრიდან დრონებთან დაკავშირებით მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, უპილოტო საჰაერო ხომალდების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაშვებული იქნება მხოლოდ სააგენტოს თანხობის საფუძველზე. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში2017 წლის 1 ნოემბრიდან შევა. ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირების ნაწილი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

1-ელი სექტემბრიდან მიმოქცევაში განახლებული 5 ლარიანი ბანკნოტები ჩაეშვება

განახლებული 5-ლარიანი მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”, ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი. დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

1 სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებს

1 სექტემბერს „საქართველოს ლატარიის კომპანია“ „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშებას ჩაატარებს. 1 სექტემბრიდან „საქართველოს ლატარიის კომპანია“ საქმიანობას წყვეტს. რის შემდეგაც 2027 წლამდე საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე გარკვეული რეგულაციების ამოქმედებაც იგეგმებოდა. კერძოდ, 1-ელი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება უნდა აკრძალულიყო.

თუმცა, როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება ვერ მოასწრო. შესაბამისად ამ დროისთვის, უცნობია აღნიშნული აკრძალვა 1 სექტემბრის ნაცვლად როდიდან ამოქმედდება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

NO COMMENTS