რუსთავში ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობლების შემოწმება იწყება

0
1935

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ აღმოსავლეთ რეგიონის დირექტორ მიხეილ სამხარაულსა და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის’’ და ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ასევე, საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეები დაესწრნენ.
მხარეებმა ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების უსაფრთხოებასა და ზამთრის სეზონის დადგომამდე, პრევენციული ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვაზე ისაუბრეს.

ერთობლივი გადაწყვეტილებით, რუსთავში „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები ივლიან და ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობლების შემოწმებას დაიწყებენ. შემოწმდება, რამდენად სწორად არის დამონტაჟებული გამათბობელი და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს.

შეგახსენებთ, 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რუსთავში ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა.
2017 წლის 1-ლი თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ნახშირჟანგით მოწამვლის 120 შემთხვევა ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული 112-ის საინფორმაციო ცენტრში. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად იყო გაზრდილი, რადგან, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, (1ლი თებერვალი-5 მარტი) ინტოქსიკაციის 52 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
2016 წლის დეკემბრიდან, 2017 წლის მარტის ბოლომდე, ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის შედეგად, რუსთავში 11 ადამიანი გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, რუსთავში უკვე დაფიქსირდა ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა, თუმცა ლეტალურად არცერთი მათგანი არ დასრულებულა.

NO COMMENTS