რუსთავში, მაზმიშვილის ქუჩა #2-ში კვლევითი სამუშაობი ტარდება

0
2013

“გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ ექსპერტის, ლუც მიულერის ხელმძღვანელობით, რუსთავში, მაზმიშვილის ქუჩა #2-ში კვლევითი სამუშაობი ტარდება.

,,გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირი“ მეორე მსოფლიო ომის დროს 1944-1945 წლებში ქალაქის მშენებლობაზე დასაქმებული გერმანელი სამხედრო ტყვეების ნეშტების მოძიების მიზნით, მოკვლევა ქალაქის ე.წ. საწარმოო ზოლში ჩაატარა. ამჟამად კი, კვლევა ნეშტების მოძიებისა და მათი იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს.

ე.წ. სამრეწველო ზონაში მიმდინარე კვლევით სამუშაოებს დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც დაესწრო.
ლუც მიულერი საქართველოში ამჯერად გერმანიის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. რუსთავში ის პირველად, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენელთან და გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშესთან ერთად იმყოფებოდა.

,,გერმანელი ექსპერტის ლუც მიულერის აზრით, მოპოვებული მასალა იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გერმანელ ტყვეთა ნეშტებია დაკრძალული. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, მათ მიეცემათ ნებართვა, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადაასვენონ გერმანელთა ნეშტები. გერმანელი სამხედროების სასაფლაო რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ველის ტერიტორიაზეც ყოფილა“, – აცხადებს რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი.

მაზმიშვილის ქუჩაზე კვლევით სამუშაოებში რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. კვლევის პროცესი ორ დღეს გასტანს.

NO COMMENTS