რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრის დასახელება

0
2234

პატრიარქის მიერ მისი მოსაყდრის დასახელება ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი შეუძლოდ იქნება, მოსაყდრე მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თეოლოგმა სერგო ვარდოსანიძემ განუცხადა, რითაც უწმინდესის ბრძანება განმარტა.

”როცა პატრიარქი აცხადებს მოსაყდრეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პატრიარქი შეუძლოდ არის, მას შეუძლია გადასცეს მოვალეობის შესრულება. მოსაყდრე დაეხმარება თავისი მწყემსმთავრული მოვალეობის შესრულებაში. ასე არის ისტორიულად. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მოსაყდრეს შეუძლია მოიწვიოს სხდომა და პატრიარქის პოზიციაზე დააყენოს თავისი კანდიდატურა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას შეუძლია ამის გაკეთება. მას აქვს ერთი, თავისი ხმა”, – განაცხადა ვარდოსანიძემ.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში ილია მეორის მიერ მისი მოსაყდრის დასახელება ჩაითვლება თუ არა იმად, რომ პატრიარქი მის მემკვიდრედ სწორედ მიტროპოლიტ შიო მუჯირს ასახელებს, თეოლოგმა აღნიშნა, რომ ”ამაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია”.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მიერ თავის მოსაყდრედ ვინმეს დასახელება არ ნიშნავს, რომ პატრიარქმა მომავალი პატრიარქის კანდიდატურა დაასახელა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეოლოგმა ვაჟა ვარდიძემ განუცხადა.

როგორც ვარდიძე აცხადებს, მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება.

„ეს შეიძლება ნიშნავდეს საეკლესიო–საპატრიარქო საკითხების ადმინისტრაციულ მმართველობას და არა პატრიარქის სტატუსის მინიჭებას. ეს არის საპატრიარქოში ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქციის მინიჭება. პატრიარქს ვერ ეყოლება მემკვიდრე, ეს არ არის მონარქიული სისტემა. პატრიარქს ირჩევს სინოდი. ვის აირჩევს სინოდი, ეს სინოდის საკითხია. არ არის ისე, რომ პატრიარქი ნიშნავდეს შემდეგ პატრიარქს. შიო მუჯირის პატრიარქის მოსაყდრედ დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქმა თავისი კანდიდატურა, თავისი ვარიანტი დაასახელა. ის შეასრულებს არა პატრიარქის ფუნქციებს, არამედ იმას, რასაც საპატრიარქოში მიანიჭებენ. თუმცა, რა შეიძლება იყოს ეს ფუნქცია, მე არ ვიცი. ეს უნდა იკითხოთ საპატრიარქოში. ამას არა აქვს დადგენილი წესები და გარედან განსჯა შეუძლებელია. როგორ ლაგდება ადმინისტრაციული საკითხები, ამაზე ერთი უნივერსალური კანონი არ არსებობს“, – აცხადებს ვაჟა ვარდიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

NO COMMENTS