808 765 ევროს ღირებულების პროექტი, ევროკავშირმა 646 527, ხოლო რუსთავის მერიამ 162 238 ევროთი დააფინანსა

0
1295

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი II“ (CoM East II) ექსპერტებს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მისი მოადგილე დავით რეხვიაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი ენერგოეფექტურობის საკითხებს, კერძოდ, პროექტს „ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მზის ენერგიის ტექნოლოგიის ინსტალაციის მეშვეობით“ შეეხო.
პროექტის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის შენობის სახურავზე, 420 მ2 მოცულობის ფართობზე 60 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები განთავსდა, რომლის გამომუშავებულ ელექტროენერგიას მერიის შენობაში მოიხმარენ.

პროექტს, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში კერძო კომპანია ‘’Saulesgraza’’ (ლიტვა) ახორციელებს.
რუსთავი წარმოადგენს ერთ-ერთ ბენეფიციარს იმ ექვსი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით შეირჩა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ირაკლი ტაბაღუა სტუმრებს, რუსთავში ენერგოეფექტურობის კუთხით უკვე განხორციელებული პროექტებიც გააცნო. სტუმრებმა მოგვიანებით, რუსთავის #6 ბაგა-ბაღი დაათვალიერეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის გრანტითა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ააიპ „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, 2015-2017 წლებში, ევროკავშირისა და, მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ (CoMDeP) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, განახორციელა პროექტი – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.
პროექტის ფარგლებში სამივე ბაღში დამონტაჟდა ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა თბოსაილოზაციო ფირებით, ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო და ახალი ელექტროტექნიკური სისტემები, მოხდა შენობის გარე კონსტრუქციების)კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის, ჭერის) თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება.
808 765 ევროს ღირებულების პროექტი, ევროკავშირმა 646 527, ხოლო რუსთავის მერიამ 162 238 ევროთი დააფინანსა.

ქალაქი რუსთავი ,,მერების შეთანხმებას’’ 2011 წლის 2 მაისს შეუერთდა. რუსთავი, როგორც მერების შეთანხმებას მიერთებული ქალაქი, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლისთვის, CO2-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას.
კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე ქალაქის სხვადასხვა უბანში ძველი ნათურების ჩანაცვლება ხდება ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით. აქტიურად ხორციელდება რუსთავის გამწვანების პროცესი, კერძოდ, ყოველი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ირგვება ათასობით ნერგი და ხე-მცენარე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი ჯამში 100 ათასამდე ნერგი და ხემ-მცენარეა დარგული.

 

NO COMMENTS