რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

0
1501

რუსთავის მუნიციპალიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა, ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა ჟღარკავამ და მერის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი გოროზიამ ადგილზე მოინახულეს. სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტს, განათლების და მეცნიერების სამინისტოს პარტნიორობით, რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ („Millennium ChollengeAccount-Georgia“) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” („Millennium Chollenge Corporation“) ახორციელებს. მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე 70-მდე რუსთაველია დასაქმებული და მათი უმეტესობა ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები პირია. სარეაბილიტაციო სამუშაოები საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დაახლოებით თებერვლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ლევან ონიანმა დღესვე „ძველი რუსთავის“ სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტუხაშვილთან ერთად  ე.წ. „მარის არხის“  დასახლებაში გაზიფიცირების პროცესი მოინახულა. ზემოთხსენებული დასახლების მაცხოვრებლებს (ჯამში 16 ოჯახს), რიგი მიზეზების გამო გაზი საცხოვრებელ სახლებში შეყვანილი არ ჰქონდათ. როგორც საკრებულოში აცხადებენ,  „მარის არხის“ მაცხოვრებლები ახალ წლამდე გაზით უზრუნველყოფილნი იქნებიან. 

NO COMMENTS