შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო

0
1363

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამუშაო ჯგუფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ნარსია ხელმძღვანელობს.

„ ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში გუშინ მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

გარდაცვლილის ნაცნობები და ბაზრის ერთ-ერთი მეწილე უზი ნონი ამბობს, რომ სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და ვერსიებზე საუბარი უჭირს.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

NO COMMENTS