რუსთავში სუპერლიგის მე-16 ტურის 1 მატჩი გაიმართა

0
1204

სუპერლიგის მე-16 ტურის 1 მატჩი დღეს რუსთავში გაიმართა. ერთანეთს უშუალო კონკურენტები – “რუსთავი” და “ოლიმპი” შეხვდნენ. გამარჯვების შემთხვევაში თბილისური კლუბი ქვემოქართლურს ქულებით უთანაბრდებოდა, ხოლო “რუსთავისთვის” მოგებას ცხრილში მე-2 ადგილი მოჰქონდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი მატჩის მანძილზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი 19:17 სტუმრებმა მოიგეს. თანაბარი თამაში მეორე მეოთხედშიც გაგრძელდა. რუსთაველებმა 10-წუთეული 21:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ 38:37.

ვერც მესამე მეოთხედში გამოიკვეთა ლიდერი და ცხადი იყო, თანაბარი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა, ბოლო წუთზე რუსთაველებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, “ოლიმპი” კი შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. მორის ჰილის სამქულიანმა სტუმართა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, თუმცა რეზო ჩაჩანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და “რუსთავი” 75:72 დააწინაურა. შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა. “ოლიმპმა” ვერ მოასწრო შეტევის ორგანიზება.

“რუსთავს” 18 ქულით ბრაიან ბერნარდიმ ულიდერა. 15 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ადამ ბლეიზეკისა და ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 11-11 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 20 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი. 15 ქულა გივი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო რევაზ როგავამ თბილისელებს 13 ქულა შესძინა.

NO COMMENTS