შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა

0
1314

შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა. შესაბამისი განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად ჩიკი, ბუბა, ამბერგუმა და კიდევ სამი სხვა პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომელთაც ბრალდებულებმა იარაღს მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ჰყავდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ ლავას ოღლისთან, კაკო ტბილისკისთან, ტოტორინისთან, ენცოსთან და სხვა. “, – განახადა მეზვრიშვილმა.

NO COMMENTS