ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა

0
1616

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

„ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო მთელს ამიერკავკასიაში და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო განათლების, პროგრესისა და  ევროპული ღირებულებების სიმბოლო“ – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – კობა გვენეტაძე. სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების მონეტა მიეძღვნა 100 წლის უნივერსიტეტისათვის.

რაც შეეხება ტირაჟს, ხელმისაწვდომობასა და დიზაინს – 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიაში. 

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. მონეტაზე  გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე, დატანილია წარწერა „ხუთი ლარი”.  მონეტის რევერსის მთავარი კომპოზიციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დატანილია წარწერები – “საქართველო”, “GEORGIA”,  “1918“ , „2018” და “5 ₾”.

NO COMMENTS