რა შეთავაზება მიიღო რუსთავის მერისგან სტრასბურგის ტრამვაიზე დატანილი ანბანის ავტორმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამხარეო ადმინისტრაციაში, რუსთაველ კალიგრაფს, 19 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთაველ ახალგაზრდას მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში, სწორედ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს. რუსთავის მერმა ნიკოლოზ ღუნაშვილს თანამშრომლობა, ასევე, რუსთავის მერიაში ერთთვიანი სტაჟირების გავლის შემდგომ, მისი სურვილისამებრ შერჩეულ ერთ-ერთ სამსახურში, დასაქმება შესთავაზა.

,,პირველ რიგში, მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა და აქვე მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ სწორედ რუსთაველი კალიგრაფის – ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიები ამშვენებს სტრასბურგის ქუჩებს. ჩვენ ნიკოლოზს შევთავაზეთ, რომ სწავლის პარალელურად, რუსთავის მერიაში გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება და შემდგომ გადაწყვიტოს თუ რომელ სამსახურში ხედავს თავის თავს, სწორედ იმ სამსახურში დავასაქმებთ შრომითი ხელშეკრულებით“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,, მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბუგის მთავრ მოედანზე 6 თვის განმავლობაში იქნება აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა და ტრამვაის ვიტრაჟებზე განთავსდა ქართული ანბანის კალიგრაფიული ნიმუშები. ეს შესანიშნავი შემოქმედება, ეკუთვნის ჩვენს რუსთაველ ახალგაზრდას – ნიკოლოზ ღუნაშვილს. დღეს ჩვენ გვქონა მასთან შეხვედრისა და მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა, ნიკოლოზი არის სამაგალითო ადამიანი. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ისტორია, კულტურა, საოცარი სილამაზის დამწერლობა და ენა, მიხარია, რომ 19 წლის ადამიანი, მსოფლიოს მასშტაბით, ახერხებს ჩვენი ქვეყნის ასეთ მაღალ დონეზე პოპულარიზაციას, რაც, რაღა თქმა უნდა მისაბაძია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

,, ქართული ანბანი მართლაც უნიკალურია და ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ ამ საქმეში მივიღე მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, ასეთ წარმატებას არ ველოდი, ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ ღუნაშვილმა.

ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი, 27 ნოემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში იმოძრავებს სტრასბურგის ქუჩებში. ეს ფაქტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. 27 ნოემბერს, საქართველომ 6 თვით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო პირველად გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

NO COMMENTS