რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

რუსთავში, მაიაკოვსკის, ოსტროვსკისა და დავით გარეჯის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს, რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას, მოსახლეობასთან შეხვედრისა და კონსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული.

ქალაქის მერთან ერთად, შეხვედრას მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ გოგობერიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ტაბაღუამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი გააცნო.


როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საბავშვო ბაღი იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც წლების წინ ძველი ბაღი იყო.

,,ამ ადგილზე ისტორიულად იყო საბავშვო ბაღი, რომელიც წლების წინ დაიშალა, დაინგრა. ძველ რუსთავში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ბაღების პრობლემაა. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბიუჯეტში მოვიძიეთ თანხა, შევიძინეთ პროექტი და საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რაღა თქმა უნდა გვჭირდებოდა მათი თანხმობა. დღევანდელ შეხვედრაზე, მოსახლეობისგან მივიღეთ მზაობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება სატენდერო პროცედურები და ამ ტერიტორიაზე აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება, შენობის მშენებლობითა და ეზოს კეთილმოწყობით 1მლნ 600 ათას ლარამდეა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი150-160 ბავშვზე იქნება გათვლილი.

NO COMMENTS