რა შემთხევავში იქნება შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ბოლნისსა და მარნეულში

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს: დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულისა და ბოლნისის მოქალაქეებს მივცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების საშუალება.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პრეროგატივა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

NO COMMENTS