გაეროს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა

                                    

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.  გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც აგრძელებს დაუცველ ბავშვთა ჯგუფებისა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ამ მიზნით, დღეს, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა. 

პერსონალური დაცვის საშუალებები დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, მზრუნველებს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან COVID-19-საგან. დაცვის საშუალებებში იყო: სახის დამცავი ფარები, ხალათები, ციფრული თერმომეტრები, სადეზინფექციო ბარიერები და სადეზინფექციო ხსნარები, რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ბავშვების, ახალგაზრდებისა და პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოში საქმიანობას. 

ღონისძიება გახსნა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობისა დეპარტამენტის დირექტორი, ადამ შმიტი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი. 

„პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურია დაცვის საშუალებების გამოყენებაა, იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ურთიერთობა აქვს ყველაზე მოწყვლად ბენეფიციარებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რისკ-ჯგუფებში შემავალ გარკვეული სამედიცინო გართულებების მქონე ბენეფიციარებთან, ასევე ხანდაზმულებთან, აუცილებელია რომ გვქონდეს ულევი მარაგი დამცავი საშუალებების. ჩვენი პარტნიორები გვერდში გვიდგანან ამ პროცესში, როგორც ტექნიკურად დამცავი საშუალებების მხარდაჭერით, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან იმ სისტემების გაძლიერების მიმართულებით, რომელიც პანდემიის პრევენციაზე არის ორიენტირებული სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ. 

„გაეროს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს COVID-19-ის პანდემიისგან თავდაცვის მიმართულებით წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის დახმარებას“,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „საშუალებები, რომლებსაც ჩვენ დღეს გადავცემთ, დაეხმარება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პერსონალს, ასევე, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, პანდემიის პირობებში საჭირო მომსახურებები მიიღონ. გაეროს ბავშვთა ფონდსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ სახელმწიფო ზრუნვის რეფორმის განხორციელების და დაუცველი ბავშვების და ახალგაზრდებისათვის ოჯახური ტიპის მომსახურებების შექმნასთან დაკავშირებით.  მოხარული ვართ, განვაგრძოთ პარტნიორობა ამ მომსახურებების უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით“, – დაამატა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა.  

 „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა პანდემიაზე საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ჩარევა და გავაძლიეროთ საქართველოს ინსტიტუციები, რათა მათ მართონ ვირუსის გავრცელება,“ -განაცხადა ბატონმა შმიდტმა.  მისი თქმით, „დღეს ჩვენ მიერ გადაცემული საშუალებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს განაგრძონ ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა.“

NO COMMENTS

LEAVE A REPLY