მთავრობის 300 ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო

დახმარებების მისაღებად ელექტრონული განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

☑ ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

☑ განაცხადებში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო კი 3 სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს ჩაურიცხავს იმ პირებს, ვინც კომპენსაციის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge

☑ რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

☑ არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

NO COMMENTS