რუსთავის მერიაში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგების სფეროში, ბოლო პერიოდში შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, რუსთავის მუნიციპალიტეტში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის,, (GWP) წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრით გამოეხმაურნენ. შეხვედრას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის,, (GWP) გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და ,,რუსთავის წყალის,, სერვის ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანელიძე დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყლის მიწოდების შეწყვეტა გასული კვირის განმავლობაში, წყალმომარაგების ქსელში მომხდარმა დაზიანებამ და შესაბამისმა სარემონტო სამუშაოებმა განაპირობა. შეხვედრაზე, წყლის ხარისხის მონიტორინგზეც ისაუბრეს. როგორც ,,რუსთავის წყალის’’ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსთავს მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება, რომლის მონიტორინგიც ISO სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიით სისტემატიურად ხორციელდება. ქალაქის მერის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, წყლის ხარისხის მონიტორინგი მათი უშუალო ჩართულობითაც მოხდება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კომპანია ,,რუსთავის წყალი’’, 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ქალაქში.

NO COMMENTS