რუსთავში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ორი მასშტაბური პროექტი განხორციელდება

რუსთავის მერია, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშწყობის მიზნით, 2022 წელს, ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტების მიხედვით, რუსთაველის ქუჩაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის გამაგრება და სრული რეაბილიტაცია მოხდება, კლდიაშვილის სკვერში კი თანამდეროვე ტიპის მედიათეკა აშენდება.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ 2022 წლის ბიუჯეტში, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
,,ჩვენ სტუდენტებს სწავლის გადასახადს ვუფინანსებთ, მაგრამ სოციალურ პროექტებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, აუცილებელი იყო ქალაქში არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა, რეაბილიტაცია და განვითარება. ეს, სწორედ ახალგაზრდების თხოვნა იყო, როდესაც მათ ვხვდებოდი. ამ მიმართულებით წელს, ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ერთი – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გამაგრება-რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს, შენობა 50-იან წლებში აშენდა და ბევრი თაობა გაიზარდა აქ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და რადგან შენობა ავარიულია, ბავშვები დროებით სხვა შენობაში გადავიყვანეთ, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ შეწყდეს. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები ძალიან მალე დაუბრუნდებიან განახლებულ, თანამედროვე, ევროპული ტიპის არაფორმალური განათლების ცენტრს, სადაც როგორც ძველი შენობის რეაბილიტაცია მოხდება, ასევე დავამატებთ ახალ სერვისებს და ახალგაზრდებს კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობას მივცემთ იმისთვის, რომ არაფორმალური განათლება მიიღონ“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, მეორე პროექტი, რომელიც განხორციელდება, არის ახალი მედიათეკა.
,,ჩვენ წელს გვაქვს მეორე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, ძველი ბიბლიოთეკების ბაზაზე ახალი, თანამედროვე, ახალგაზრდული მულტიფუნქციური შენობა – მედიათეკა გვექნება. გვინდა, ბიბლიოთეკების ეს მოძველებული სისტემა, თანამდროვე მიმართულებით წავიყვანოთ და შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა მეგობრებთან ერთად მივიდეს, დაისვენოს, დაიტვირთოს. ეს იქნება განათლების მიღების კარგი და თანამედროვე სივრცე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
პროექტების ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარამდეა, სატენდერო პროცედურები თებერვალში დასრულდება და სამუშაოები მარტში დაიწყება.

NO COMMENTS