ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

25 ივლისს, „მოძრაობა კულტურული მემკვიდროებისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) წევრები  მონიტორინგის მიზნით  ხულუტის ციხე-დარბაზში იმყოფებოდნენ  განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად.

როგორც საზოგადოებისთვის  უკვე ცნობილია, 2020 წელს,  „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, XVIII საუკუნის   ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის   კვლევა  და  გეოლოგიური შესწავლა  დაიწყო,  ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან,   მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ,  ციხე-დარბაზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც.

ამჟამად,  ხულუტის ციხე- დარბაზში სამუშაოების მეორე ეტაპი  აქტიურ ფაზაში  გადადის: ციხის კედლებზე  მოეწყო ლითონის  და ხის ხარაჩოები; გაიწმინდა  და   გადაეწყო  ციხის მარნის ზედა ნიშნულები.  მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო  ფენა. გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკები, გალავანი,  მარანი და ციხის საიდუმლო გვირაბი  სრულად იქნება რეაბილიტირებული, ხოლო  მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე,  სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე. 

ხულუტის ციხე-დარბაზის  სამწლიან სარებილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც   კომპანია „ინდუსტრია“ ახორციელებს, „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით  კომპანია  “RMG” აფინანსებს.

NO COMMENTS