ჩიტის ბუდე წყლის გამათბობლის მილში

0
2920

CO-თი ინტოკსიკაცია რამდენიმე დღის წინ,  მე-7 მიკრო რაიონშიც დაფიქსირდა. სალომე გელაშვილი აღნიშნულ მისამართზე მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ინტოქსიკაცია ბინაში გადასვლიდან მეორე დღესვე განუვითარდათ, რის შემდეგაც კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზს“ დაუკავშირდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ გამათბობელი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და მისი შეცვლის რეკომენდაცია გასცეს. რამდენიმე დღის შემდეგ ახალმოსახლე ოჯახმა წყლის გამათბობლის მილში (ე.წ. გამწოვში) ჩიტის ბუდე აღმოაჩინა, რაც მის დახშობას იწვევდა.

სალომე გელაშვილის თქმით, ინტოქსიკაციის განვითარებიდან რამდენიმე საათში რუსთავის საავადმყოფოს მიმართეს, თუმცა არც თავად და არც ექიმებს CO – თი გამოწვეულ ინტოქსიკაციაზე ეჭვი არ მიუტანიათ.

,,მაღალი წნევის, გულის აჩქარების და მუცლის ტკივილის ჩივილით მივმართეთ საავადმყოფოს, სადაც ბავშვს ვირუსი დაუდგინეს, მე კი მითხრეს რომ ეს ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვის) მიერ იყო გამოწვეული. საავადმყოფოდან სახლში დაბრუნების შემდეგ იგივე განმეორდა, თუმცა არ გვიფიქრია, რომ გაზის გაჟონვასთან გვქონდა საქმე. იმავე საღამოს ჩვენთან სტუმრად იყვნენ ჩვენი მეგობრები და ოჯახის სხვა წევრებიც. წყლის გამათბობელი მხოლოდ 10 წუთით მქონდა ჩართული. ყველას თავი აგვტკივდა და გვქონდა გულის რევის შეგრძნება. ბავშვიც ცუდად გახდა და მეც იგივე სიმპტომები მქონდა, რაც საავადმყოფოში მისვლამდე. მხოლოდ ამის შემდეგ დავეჭვდით, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა გაზის გაჟონვასთან ყოფილიყო კავშირში. შემდეგ, ,,სოკარ გაზის“ თანამშრომლები შემოწმების მიზნით გამოვიძახეთ. როგორც გვითხრეს გამწოვს გაზის ნამწვი უკან, სახლში შემოჰქონდა და არ ხდებოდა მისი გარეთ გატანა.“

წყლის გამათბობლის გამწოვში ჩიტის ბუდე მოწამვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნახეს. სახლს აივანი არ აქვს და როგორც სალომემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბუდის მილიდან ამოღება საკმაოდ რთული იყო.

„გამწოვში ჩიტის ბუდე რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინთ. ადრეც მსმენია მსგავსი ფაქტის შესახებ და გამიჩნდა ეჭვი, რომ ჩვენი წყლის გამათბობელშიც შესაძლოა სწორედ ჩიტის ბუდე ყოფილიყო. ასე აღმოვაჩინეთ ბუდე წყლის გამათბობლის ,,გამწოვში.“ ამ ამბის შემდეგ, წყლის გამათბობელს იშვიათად ვიყენებდით და ახლაც ყურადღებით ვართ.“- აცხადებს სალომე.

რუსთავის ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ქოიავას თქმით, ინტოქსიკაციის შემთხვევებმა გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად იმატა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას საინფორმაციო საშუალებებით სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციებს აძლევენ. მიუხედავად ამის, CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების შემთხვევებმა ბოლო 3 დღის განმავლობაში  ჩვენს ქალაქში საგანგაშო რიცხვს მიაღწია.

ელისო ჩინჩალაძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

NO COMMENTS