როდიდან დაიწყება სკოლაში გაკვეთილებისა და სახელმძღვანელოების წონის შემცირება

0
1759

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსადრე ჯეჯელავას განცხადებით, გარდა სასკოლო სახელმძღვანელოების წონის შემცირებისა, ასევე იგეგმება გაკვეთილების რაოდენობის შემცირებაც.

ამის შესახებ მან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ის განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებსა და ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრობს.

„ჩვენ ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ჩვენ გვინდოდა, რომ წელსაც შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები. მომავალი წლიდან კი უკვე დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ხოლო რომელი საგნის წიგნიც უფრო სქელტანიანი იქნება, ორად გაიყოფა. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის გაკვეთილების რაოდენობის შემცირება. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაკვეთილია განსაკუთრებით შუა კლასებში და ვმუშაობთ, რომ შედარებით განვტვირთოთ გაკვეთილების ცხრილი“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრმა ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენი გაკვეთილი უნდა დარჩეს ცხრილის განტვირთვის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ.

ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან 2017-2018 ამოქმედდება.

“სავალდებულო გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. სახალისო და არჩევითი გაკვეთილების რაოდენობა კი უნდა გაიზარდოს. ჩანთები უნდა შემსუბუქდეს. მოთხოვნა, წიგნების ტარების მიმართულებით გადაიხედება. ჩვენ შევეცდებით, ისე მივუდგეთ, რომ ყველა წიგნის ტარება ყოველ დღე არ იყოს სავალდებულო”, – დასძინა ჯეჯელავამ.

რა ცვლილებები მიმდინარეობს და იგეგმება განათლებასა და მეცნიერებაში, მინისტრის განცხადებით, სკოლამდელ განათლებაში ძირითადი აქცენტი რეგულირებაზე გაკეთდება.

„1. წელს პირველად გვქონდა კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ და აღმზრდელებს მასწავლებლის სტატუსი უბრუნდებათ. სკოლაში განათლების სამინისტრო გეგმავს, რომ პროგრამები უფრო საინტერესო და  მისადაგებული გახდეს ახალგაზრდების საჭიროებებზე. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ სკოლის მოსწავლეებმა შემდგომი განვითარება რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლონ.

„2. უმაღლეს განათლებაში ჩვენი აქცენტი ინტერნაციონალიზაცია იქნება. ანუ, ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საერთაშორისო დონის დიპლომი უნდა მიიღონ საქართველოში. ჩვენი სურვილია, მეტი უცხოელი სტუდენტი ჩაერთოს საქართველოს განათლების სისტემაში. 20–მდე პროგრამა არის ბევრ უნივერსიტეტში, რომელიც საერთაშორისო დიპლომს გასცემს უკვე დღეს. უნივერსიტეტები ახერხებენ, რომ საქართველოსში გასცენ საერთაშორისო დიპლომები და ეს დიპლომები აღიარებულია, უბრალოდ რაოდენობაა გასაზრდელი. წელიწადში დაახლოებით 500–მდე საერთაშორისო დიპლომი ახლაც გაიცემა და გვინდა, რომ ეს რაოდენობა გახუთმაგდეს და გაათმაგდეს.

„3. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ჩვენ ვამბობთ, რომ 10–ჯერ მეტი პროფესიული სტუდენტი გვჭირდება გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ, მის პოპულარიზაციაზე აქცენტი როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე პროფესიების პოპულარიზაციისა და დასაქმების კუთხით გაკეთდება.

„4. მეცნიერებაში ვგეგმავთ ევროინტეგრაციას და ინტერნაციონალიზაციას და გვჭირდება მეტი ახალგაზრდა მეცნიერი.

„5.მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა! ანუ, მთელი ქვეყანა უნდა ავიყოლიოთ მოკლევადიანი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ დაიმკვიდრა თავი შრომის ბაზარზე, გვინდა, რომ ახალი შანსი და შესაძლებლობები შევქმნათ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

NO COMMENTS