მინისტრმა გარემოს მონიტორინგის შედეგები წარადგინა

0
1591

გიგლა აგულაშვილმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს იმ კვლევის ანგარიში წარუდგინა,რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს შეეხება.

ანგარიშში მოცემულია საქართველოს ხუთი ქალაქის -თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზესტაფონისა და რუსთავის მონაცემები.ხუთივე ქალაქში მტვრის რაოდენობა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქუთაისში დაფიქსირდა. ამ ქალაქში მტვერი დასაშვებ ნორმაზე თითქმის ხუთჯერ მეტია. მეორე ადგილზეა რუსთავი, სადაც მტვრის შემადგენლობა დასაშვებ ნორმას თითქმის ოთხჯერ აღემატება. შედარებით ნაკლებია მტვერი თბილისში. ამ სამ ქალაქზე ნაკლებადაა ჰაერი მტვრით დაბინძურებული ბათუმსა და ზესტაფონში.

ხუთივე ქალაქში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი ზღვრულ ნორმაზე მაღალია, თუმცა, ზესტაფონის შემთხვევაში, ეს მონაცემი, სხვა ქალაქებთან შედარებით, მცირედით აღემატება ნორმას. აზოტის დიოქსიდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა და დასაშვებ ნორმას თითქმის ოთხჯერ აღემატება. შედარებით ნაკლებია აზოტის დიოქსიდი რუსთავში, თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას თითქმის სამჯერ აღემატება, თბილისში კი, მაჩვენებელი ნორმაზე დაახლოებით ორჯერ მეტია. იგივე შენაერთი კიდევ უფრო ნაკლები ქუთაისშია. ნახშიროჟანგი ამ ხუთი ქალაქიდან მხოლოდ თბილისში აღემატება დასაშვებ ნორმას.

ტყვიის შემცველობა, ჩამოთვლილი ხუთი ქალაქიდან, ყველაგან დასაშვებ ნორმზე სამჯერ ან უფრო მეტჯერ ნაკლებია.

NO COMMENTS