ბიზნესიდეების კონკურსი დაიწყო

0
1633

კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო. ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge 31 მაისის ჩათვლით, იქნება შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.

სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:

1) ბიზნესიდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge, რის შემდეგ მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრენინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც;

2) შემდგომი ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, სადაც მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორები. სწორედ ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრენინგები.

დაფინანსების მექანიზმი შემდეგნაირია: ერთი მეწარმე სუბიექტი – თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5 000 ლარია, ორი მეწარმე სუბიექტი -თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 10 000 ლარია, სამი მეწარმე სუბიექტი – თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარია.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდგომ კრიტერიუმებს: არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე; არ არის საჯარო მოხელე; არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას; მზად არის ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.

NO COMMENTS