ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია

0
1531

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სუს-ის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს – გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გათვალისწინებით. 20 -საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა – ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

NO COMMENTS