რა პრობლემებზე სასაუბროდ ითხოვა მოსახლეობამ ქალაქის მერთან შეხვედრა

0
2657

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლევან ონიანთან, მოადგილე გოჩა ლორიასა და ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ჯღარკავასთან ერთად, მე-19 მიკრო რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ახლადარჩეულ მერთან შეხვედრა მოქალაქეებმა ითხოვეს. ადგილზე მისულ ქალაქის ხელმძღვანელობას მოსახლეობამ შიდა ეზოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწესრიგება, შიდა საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტების დარეგულირება, ბავშვებისათვის სათამაშო მოედნის მოწყობა და მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემის შეკეთება სთხოვეს.

მე-19 მიკრო რაიონის №4 კორპუსის მცხოვრებლებმა ქალაქის მერთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათთვის უმთავრესი პრობლემა საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაა.

„მოსახლეობამ ჩვენთან შეხვედრისას მთელ რიგ პრობლემებზე ისაუბრა. ერთ-ერთ კორპუსში არის საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის პრობლემა. ეს კორპუსი ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა და ეს პრობლემა ამ წლიდან მოყოლებული ადგილზე მწვავედ დგას. თავისთავად, ეს საკითხი იმ კერძო კომპანიასთან ერთად არის მოსაგვარებელი, რომლის საკუთრებაშიც არის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვაპირებთ თანამშრომლობას ამ კომპანიასთან“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დღესვე ქალაქის ხელმძღვანელობამ მე-19 მიკრო რაიონში მშენებარე მინი სტადიონი მოინახულა.

 

NO COMMENTS