ბოლნისში წარმოებული ქვევრის ღვინო დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება

0
1959

ამერიკელი ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის შემდეგ, რომელიც ბოლნისის ღვინის წარმოებისა და ტრადიციების შესახებ საკუთარ წიგნში დაწერს, ბოლნისური ღვინით იტალიელი პროფესიონალი მეღვინეები და სომელიეები ინტერესდებიან.
ტურისტული კომპანიის ,,ReachPointGeorgia” ორგანიზებით 18 იტალიელმა მეღვინე ქალბატონმა საქართველოში 1 კვირიანი ტურნე ბოლნისიდან დაიწყო.
მეღვინეებმა ჩრდილოეთ იტალიიდან, ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერის ქვევრები მოინახულეს და მათში დაყენებული საფერავი და რქაწითელი დააგემოვნეს.
საფერავი- იტალიაში სახელგანთქმულ მარძემინოს, ხოლო რქაწითელი- ქვევრის რიბოლას შეადარა იტალიაში ცნობილმა სომელიემ და ჟურნალისტმა ლილიანა სავიოლიმ.
,,ეს არის საოცარი გემოვნური თვისებებით გამორჩეული ღვინოები, რომლის დაყენების მეთოდებსა და ტრადიციებს გავეცანი დღეს ბოლნისში. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დავწერ რამდენიმე რეცენზიას ამ დაუვიწყარი მოგზაურობისა და ქართული ღვინოების შესახებ. ჩემი მიზანია, მთელ მსოფლიოს გავაცნო საქართველო და რა თქმა უნდა საოცარი ტარდიციების მქონე ბოლნისი “,- ასე შეაფასა იტალიელმა სომელიემ ბოლნისური ქვევრის ღვინო.
იტალიელმა მეღვინეებმა ბოლნისში სულ 5 საოჯახო მარანი მოინახულეს და წარმოების ტექნოლოგიებს გაეცნენ. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ბოლნისს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. მეღვინეების ინტერესის საგანი ამჯერად მცირე წარმოებები და საოჯახო მარნები წარმოადგენს, რათა მოხდეს მათი წინ წამოწევა და პოპულარიზაცია.
2018 წელს ბოლნისელი მეღვინეები 35 000 ბოთლი ქვევრის ღვინის ჩამოსხმას ვარაუდობენ, რაც კიდევ უფრო მეტად პოპულარულს გახდის ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

მეღვინეთა ჯგუფი საქართველოს 12 თებერვალს დატოვებს. მანამდე კი იტალიელი ქალბატონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და სამშობლოში ქართული ღვინის ტრადიციული მეთოდით დამზადების შესახებ მიღებულ ინფორმაციასა და შთაბეჭდილებებს წაიღებენ.

NO COMMENTS