ბიზნესომბუდსმენმა RMG-ის საწარმო მოინახულა

0
1488

დღეს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, მოადგილესთან ლევან კალანდაძესთან ერთად, დაბა კაზრეთში სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიები დაათვალიერა და ადგილზე საწარმოში მიმდინარე ყოველდღიურ სამუშაოებს გაეცნო.

კომპანიის მენეჯმენტმა ბიზნესომბუდსმენს ამომწურავი ინფორმაცია წარუდგინა დაგეგმილი პროექტების და იმ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც კომპანია გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქტიურად ახორციელებს.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც კომპანია აწარმოებს, კანონის ჩარჩოში ჯდებოდეს.

,,სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების ნეგატიური აქტივობების შედეგად, საფრთხე არ უნდა შეექმნას კომპანიის სრულფასოვნად ფუნქციონირების პროცესს, რადგან საქმე ეხება ინვესტიციებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ქვეყანაში გარკვეუწილად გაძლიერებულია ნეგატიური ფონი და ბიზნესის საწინააღმდეგოდ მიმართულ მსგავსი ტიპის მოქმედებებს ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა რეგიონებშიც. მგონია, რომ ასეთი მოქმედებები მოკლებულია გარკვეულ პასუხისმგებლობას და საჭიროა ნებისმიერი ინვესტორის, მათ შორის, „არემჯის“ კანონიერი მოქმედებების აქტიური მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

,,ვფიქრობ, ბიზნესომბუდსმენი დღევანდელი ვიზიტისას თავად დარწმუნდა, რომ ჩვენს კომპანიას აქვს სერიოზული პერსპექტივები და გეგმები, მაგრამ ეს გეგმა და პერსპექტივა არ და ვერ იქნება გარემოს და სოციალური რისკების ფასად, რადგან კომპანიას ეს რისკებიც გათვალისწინებული აქვს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი საქმიანობისას გარემოზე მავნე ზემოქმედება მიმნიმუმამდე იქნება დაყვანილი, რათა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ჩვენი ყველა ახალი პროექტი იყოს მისაღები”,- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

NO COMMENTS