ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო

0
1718

სასტუმრო ,,იოტაში” გამართულ ტურისტულ ფორუმს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მაჟორიტარი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით
სასტუმრო „იოტაში“ ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.

ფორუმზე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, პრეზენტაციის სახით, ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი წარადგინა. ფორუმის მონაწიელებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და მათ ბოლნისში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი ისტორიული წარსულით, კულტურითა და მულტიეთნიკური მაცხოვრებლებით.მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტურიზმის განვითარება. უშუალოდ ქალაქი ბოლნისი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია ძველი გერმანული არქიტექტურით, რომელიც ნაკვალევად შვაბმა კოლონისტებმა დაგვიტოვეს. ეს არის ქართული ქალაქი ევროპული ისტორიით. ბოლნისი ნამდვილად არის უნიკალური მრავალმხრივი კუთხით, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე ღვინის წარმოებით, კულინარიით, რომელიც ქართულ და გერმანულ ნაზავს წარმოადგენს. ადგილობრივების ნაწილს თითქოს მემკვიდრეობად ერგო გასტრონომიული კულტურა. 200 წლის შემდეგაც ბოლნისში კვლავ ამზადებენ შვაბური ტექნოლოგიით ლორს, აცხობენ გერმანულ ტკბილეულს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს 120-ზე მეტი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა საუკუნეების წინ ბოლნისი. ბოლნისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მონასტრის ბერები, უკვე მესამე წელია უძველესი ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში აყენებენ რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ღვინოებს. ელიას მთის ფერდობზე ამჟამად გაჭრილია ტერასები, სადაც დაახლოებით ერთ თვეში 10 000 სხვადასხვა ჯიშის ვაზი ჩაიყრება. ეს ადგილი რამდენიმე წელში, უძველეს ტაძრებთან ერთად, ბოლნისის სავიზიტო ბარათად გადაიქცევა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS