გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდა

0
4522

რუსთველმა ახალგაზრდამ ნატალი ჭამიაშვილმა, რომელიც ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში Global UGRAD-ის გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საკუთარ შთაბეჭდილებებზე სპეციალურად „ტელეგრაფისთვის“ ბლოგი მოამზადა.

– რამდენიმე თვის წინ ჩემთვის ამერიკაში გამგზავრება და სწავლა იყო ოცნება, რომელიც, მეგონა, რომ არასოდეს ამიხდებოდა, ამიტომ ოცნების დროსაც კი, ჩემს თავს საზღვრებს ვუწესებდი.

საბოლოოდ, რამდენიმე დაძაბული ეტაპის შემდეგ, სწორედ მე აღმოვჩნდი Global UGRAD-ის ფინალისტებს შორის. ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელს, მგზავრობას, კვებას, სწავლასა და დამატებით სტიპენდიას.  გამიმართლა, რომ ჩავირიცხე ენდიკოტის კოლეჯშიც, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. აქვს ულამაზესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კამპუსი. კოლეჯთან ძალიან ახლოს მდებარეობს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, მათ შორის ჰარვარდი, სადაც საშუალება მქონდა, დავსწრებოდი კონფერენციებს და სხვდასხვა ვორქშოფებს. ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ზრუნავდნენ ჩემს კარიერულ და პიროვნულ განვითარებაზე. სადილის ან ვახშმის დროს მახვედრებდნენ ჩემს სფეროში ძალიან წარმატებულ ადამიანებს, მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს, მეჩვენებინა ჩემი პოტენციალი. მეც ჩემი მხრიდან აქტიურად ვიყავი ჩართული კოლეჯის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში, გავიმარჯვე ტალანტების შოუშიც, სადაც „თბილისო“ და საკუთარი ნაწარმოები შევასრულე.

იქიდან გმომდინარე, რომ შარშან გაცვლითი პროგრამით გერმანიაში ვისწავლე, შესაძლებლობა მაქვს, ერთმანეთს შევადარო ქართული, გერმანული და ამერიკული განათლების სისტემა. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სტუდენტზე მორგებული არის ამერიკული სისტემა, რომელიც მოიცავს აკადემიურ და ტექნიკურ მრჩევლებს, მაქსიმალურად ეხმარება სტუდენტს, აითვისოს ყველა არსებული შესაძლებლობა უნივერსიტეტის მიღმაც, ხელს უწყობს, რომ დაესწროს კონფერენციებსა და ტრენინგებს. ძალიან მარტივია ელექტრონული ბაზაც, რომელი ჩემს შემთხვევაში იყო- Canvas. ეს არის საიტი და მობოლური აპლიკაცია, სადაც ერთ სისტემაშია მოქცეული საგნის სილაბუსი, ნიშნები, დავალებები, ასევე თითოეული ნაშრომის დეტალური შეფასება, შეაძლებელია ლექტორთან მიმოწერა, ჯგუფური დავალების შესახებ კურსელებთან დაკავშირება და ა.შ. არ არის საჭირო გამოცდებისთვის რეგისტრაცია. გერმანიაში ამ მხრივ შედარებით რთულად იყო საქმე, რადგან ერთდროულად სამ ელექტრნულ სისტემაში მიწევდა მუშაობა. უამრავი დოკუმენტი მქონდა შესავსები და სავალდებულო იყო გამოცდებისთვის რეგისტრაციაც. სტუდენტთა მომსახურებაში გერმანიაშიც და ამერიკაშიც უცხოელი სტუდენტებისთვის არსებობდა საერთაშორისო ოფისები. აქაც ვფიქრობ, რომ ამერიკული სერვისი გაცილებით სწრაფი და მოსახერხებელი იყო, არ საჭიროებდა წინასწარ ჩაწერას კონსულტაციაზე და მუშაობდა მთელი დღის განმავლობაში. ჩემს შეტყობინებებს პასუხობდნენ არასამუშაო საათებშიც. ლექტოროებთან და აკადემიურ და ტექნიკურ მრჩეველთან მქონდა ინდივიდუალური და ახლო მეგობრული ურთიერთობები, რაც ძალიან დიდი კომფორტია. ამას გარდა, გერმანიაშიც და ამერიკაშიც არსებობდა სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც დამატებით ეხმარებოდნენ სხვა სტუდენტებს, გარკვეულიყვნენ მათთვის რთულ საკითხებში,  ეხმარებოდნენ კვლევის დიზაინის ჩამოყალიბებასა და სხვდასხვა წერითი დავალებების სწორად შესრულებაში. ვფიქრობ, რომ საქართველოში სტუდენტთა მომსახურება და ელექტრონული ბაზები დასახვეწია, ამიტომ ძალიან მინდა ამ სფეროში მუშაობა.

მქონდა საშუალება და ბედნიერება, საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის გამეცნო საქართველო. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ვატარებდით კულტურულ საღამოებს, სადაც საქართველოს წარმოვადგენდი, ვამზადებდი ქართულ საჭმელებს, ჩავატარე ლექცია მაგისტრატურის სტუდენტებისათის. ასევე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა სამოქალაქო კლუბებთან, რომლის წევრებსაც სურდათ, მეტი გაეგოთ საქართველოს შესახებ.

ძალიან დიდი სიამოვნებით ვმოხალისეობდი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში. განსაკუთრებით მომწონდა მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სხვადასხა პროქტების ორგანიზება. რამდენიმე მსგავსი პროექტი მინდა, საქართველოშიც წამოვიწყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი მოხალისე გამოჩნდება.

ავიხდინე ძალიან ბევრი ოცება. გავემგზავრე ნიუ იორკში, ვაშინგტონში, მაიამიში… ვნახე დისნეის სამყარო და ჰოგვარტსი უნივერსალ სტუდიოს გასართობ პარკში. დავათვალიერე ბევრი შედარებით ნაკლებად პოპულარული, თუმცა ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილი.

ამერიკაში გატარებული დრო იყო ძალიან ნაყოფიერი. ახლა მაქვს საინტერესო გეგმები საზღვარგარეთ, თუმცა იმედი მაქვს, საქართველოში მომეცემა შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოვიყენო ამერიკაში მიღებული გამოცდილება და შეძენილი უნარები.

NO COMMENTS