დავით შერაზადიშვილი, უმაღლეს სასწავლებლებში ახლადჩარიცხულ გრანტოსან სტუდენტებს შეხვდა

0
1114

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, უმაღლეს სასწავლებლებში ახლადჩარიცხულ გრანტოსან სტუდენტებს შეხვდა და მიღწეული შედეგები მიულოცა.

სტუდენტებთან შეხვედრას მათივე სკოლის დირექტორები და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ია სვანიძე დაესწრო.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამა დეტალურად გააცნო, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის სტუდენთა ფულად დახმარებას გულისხმობს.

,,დღეს აქ ხართ ჩვენთან შეხვედრაზე და მინდა თითოეულ თქვენგანს პირადად მოგილოცოთ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა.
სტუდენტობა ყველა მოსწავლისთვის საოცნებოა, ალბათ სკოლაში შესვლის პირველივე წუთებიდან თითოეული თქვენგანი ამ დღეს ელოდა. ძალიან მეამაყებით და მოხარული ვარ, რომ თქვენი შრომა და მონდომება ასე დაგიფასდათ.
ასევე ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებმაც მთელი ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თქვენს აღზრდაში, ცოდნის მიღებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
სახელმწიფოს მხრიდან განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიცია არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ვინაიდან სწორედ განათლებულ და კვალიფიციურ კადრებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება.
ბოლნისი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც საკუთარ სტუდენტებს განათლების მიღებაში მატერიალურად ეხმარება. ჩვენ გვაქვს გამორჩეული სტუდენტური დახმარების პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებზეა გათვლილი. სულ რამდენიმე წელია რაც ეს პროგრამა მუშაობს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სიკეთით 1000-ზე მეტმა სტუდენტმა უკვე ისარგებლა. მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს სტუდენტური სტიპენდია 335 ბოლნისელს ჩაერიცხა, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მათ შორის წარჩინებული სტუდენტი გვყავდა 120, რომლებსაც ყოველთვიურად 100 ლარი ერიცხებოდა. ასე რომ, თითოეულ თქვენგანს, მუნიციპალიტეტი აძლევს უნიკალურ შანსს, გახდეს მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტი.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მონდომებას და შრომას არ დაიშურებთ, რათა არჩეულ პროფესიებს ღირსეულად დაეუფლოთ. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS